რეკლამა

პერიოდული და სამართლიანი არჩევნები ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი ნიშანია. სწორედ არჩევნებია ის ერთ-ერთი მთავარი პროცესი, რაც განასხვავებს დიქტატურასა და დემოკრატიას.

ალაბთ, არჩევნებზე ყოფილხართ. ყოველ ჯერზე დიდი ინტერესით შედიხართ საარჩევნო უბანზე, ცდილობთ ყოველი პროცედურა ზედმიწევნით სწორად შეასრულოთ და მისი საჭიროებაც ამოიცნოთ. კარებში მდგარი მწვანეკოსტუმიანი ადამიანი ალბათ ყველაზე მეტად საინტერესოა, ჯადოსნური ფანარით რომ გიმოწმებთ ფრჩხილებს, შემდეგ ისევ მწვანეკოსტუმიანი, უხილავი სითხე ცერა თითზე, ხელმოწერა, ბიულეტინი და კაბინაა…  რამდენად ზუსტადაც არ უნდა იცოდე ვის შემოხაზვას აპირებ იქ მაინც ფიქრობ, ყველა კანდიდატს გადაიკითხავ და ბოლოს მაინც იმას შემოხაზავ ვისაც მანამდე აპირებდი… ორჯერ სწორკუთხოვნად  გადაკეცილ ბიულეტინს კონვერტში რომ ჩადებ, მაშინაა ყველაზე საინტერესო მომენტი: კონვერტი ნახევრად სავსე ყუთის ჭრილთან მიგაქვს ცოტახან აყოვნებ ხელის გაშვებას და შენი კონვერტი უკვე სხვა მისნაირებთან ერთადაა ყუთის ფსკერზე… სანამ უბანს ტოვებ ფიქრობ, ნეტა თუ შეცვლის ჩემი ერთი ხმა რამეს. თუმცა, როგორც უკვე გითხარით, შეცვლის!

ეს პროცესი გვსიამოვნებს, მით უფრო, რომ ეს დღე დასვენების დღედ ცხადდება-ხოლმე. თუმცა, თუ გიფიქრიათ „რა ღირს არჩევნები“?

 

არჩევნები ნამდვილად ძვირი ჯდება. ძვირია როგორც მისი ჩატარება, ანუ ბიუჯეტიდან გასაღები ხარჯი, ასევე წინასაარჩევნო კამპანიები, რომლის დაფინანსების ტვირთი პოლიტიკურ პარტიებს აწევთ. საერთო ჯამში არჩევნებზე სახელმწიფოსა და პარტიების მხრიდან უამრავი მილიონი იხარჯება. მართალია, ყოველი ხარჯი აღრიცხული, დეკლარირებული და საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს, თუმცა ეს ასე ნამდვილად არაა. საფუძვლიანი ეჭვი და მოსაზრება არსებობს, რომ ერთ-ერთ პარტიას მილიარდელი ბიზნესმენი აფინანსებს, რომლის მიერ გაღებული ხარჯიც დეკლარაციებში არ აღირიცხება. Who knows?…

 

რატომ არ უყვართ პარტიებს ხარჯებისა და შემოსავლების დეკლარირება?

მსხვილ პარტიებს ნამდვილად არ უყვართ საჯაროდ დეკლარირებული ხარჯები, რადგან სანამ რამეს დახარჯავ, მანამ ეს ფული უნდა იშოვო. ფულის შოვნის მათი გზები კი პოლიტიკაში არც ისე ნათელი და ღიაა. საფინანსო სექტორში არსებობს „პოლიტიკურად აქტიური პირის“ ცნება, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის მოქმედი ან ყოფილი წევრის მიერ საფინანსო ოპერაციების განხორციელებას, რასაც განსაკუთრებული გულისხმიერებით ეკიდებიან კომერციული ბანკები, რათა დადგენილი იყოს შემოსავლის წყაროები ფულის გათეთრების თავიდან აცილების მიზნით. უფრო დეტალურად, შეგიძლიათ იხილოთ ეს დამატებითი მასალა.

ვნახოთ, რამდენი ფული იხარჯება ყოველწლიურად პარტიების მიერ წინასაარჩევნო  კამპანიების დასაფინანსებლად.

როგორც ხედავთ არც ისე პატარა ციფრებია… მაგარამ არ დაგავიწყდეთ, რომ ეს მხოლოდ დეკლარირებული ხარჯებია

მოდი ახლა ვნახოთ, რა უჯდებათ გადასახადის გადამხდელებს იმ არჩევნების ჩატარება, რომელზეც შესაძლოა საერთოდ არ დადიან.

 

იმის გამო, რომ საბიუჯეტო ხარჯების კონტროლი უფრო მკაცრია გაწეული ხარჯები ამ შემთხვევაში ზუსტად აღირიცხება.

როგორც ხედავთ, არჩევნების ორგანიზება და ჩატარება არც ისე იაფი ყოფილა. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ბიუჯეტიდან 42,6 მლნ ლარი დაიხარჯა. ამ თანხის ნახევარი ხელფასებზე იხარჯება, დანარჩენი კი: რეკლამებზე, ბიულეტინების ბეჭდვაზე, პერსონალის გადამზადებაზე, ინვენტარზე და ა.შ.

სანამ არჩევნებზე წასვლაზე უარს იტყვით, გაიხსენეთ, რომ ამისთვის თქვენ უკვე გადაიხადეთ.

თუმცა, ზემოთ მოყვანილი ციფრები მხოლოდ პირდაპირი ხარჯია, რომელიც თვითონ არჩევნების ჩატარებას სჭირდება. ამის გარდა არსებობს უამრავი ირიბი ხარჯი ბიუჯეტიდან, რომლებიც სინამდვილეში არჩევნების მოახლოებას უკავშირდება.

ალბათ, შეგიმჩნევიათ, არჩევნებამდე ორი-სამი თვით ადრე დაწყებული გზების დაგება, ტროტუარების რემონტი, სკვერების კეთილმწყობა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები. ამასთან დაკავშირებით სოფელში ხუმრობაც ხშირად ისმოდა ხოლმე: ნეტა ყოველ თვეში არჩევნები იყოსო. ოთხი წელი მიტოვებული სოფელი მხოლოდ არჩევნების წინ გაახსენდებოდა-ხოლმე სოფლის გამგებელსა და დეპუტატს.

ყველაფერ ამაზე, რა თქმა უნდა, ფული ბიუჯეტიდან იხარჯება.

საკუთრივ ფაქტში, რომ ქალაქში ან სოფელში რაღაც კეთდება, ცუდი არაფერია, თუმცა არჩევნების წინ მის კეთებას სხვა თვალით შეხედვა სჭირდება. მაგალითად, არჩევნების წინ ხშირია არაპრიორიტეტული პროექტების განხორციელება, მხოლოდ ფასადული და ზერელე შესრულება, ფულის არამიზნობრივი ფლანგვა და ა.შ.

მაგალითად, მახსოვს, ზესტაფონის ცენტრალურ ქუჩაზე გაყოლებული ძვირადღირებული ძველი მარმარილოს ქვები წინასაარჩევნოდ ჩამოანგრიეს და მის მაგივრად უხარისხო ფილები გააკრეს, რომელმაც არჩევნების მეორე ტურამდეც კი ვერ გაძლო კედელზე გაკრულმა. უმეტესად სწორედ ასეთი პროექტები კეთდება ხოლმე არჩევნების წინ.

ჯამში წინასაარჩევნოდ რამდენიმე ასეული მილიონი იხარჯება.

თუმცა, ხელისუფლება გაღებული ხარჯის სანაცვლოდ არა მარტო პოლიტიკურ მოგებას, არამედ ფიანსურ დივიდენტსაც ელოდება. ამის დასადასტურებლად შეგიძლიათ იხილოთ დიაგრამა, თუ რამდენი აქვს სახელისუფლებო და ოპოზიციურ პარტიებს ჯამური შემოწირულობები 2012 წლიდან. უფრო კონკრეტულად კი შეგიძლიათ, გაეცნოთ საიტზე.

 

თუმცა, რა თქმა უნდა, ესეც მხოლოდ დეკლარირებული შემოწირულობებია…

 

 

თუმცა ეს თანხა გაწეული ხარჯების დასაფარად საკმარისი ნამდვილად არ არის.

 

ალბათ, შეგიმჩნევიათ, არჩევნებამდე ორი-სამი თვით ადრე როგორ ცუდ დღეში აღმოჩნდება ხოლმე ლარის კურსი. შევეცადე, ამის მიზეზი დამედგინა. ძიების პროცესშე რამდენიმე საინტერესო დიაგრამას მივაგენი, რომლითაც არჩევნების მოახლოებასთან კორელაციის დადგენა შეიძლება.

 

 

როგორც ხედავთ მიქცევაში ლარის მასის და სარეზერვო ფულის ზრდა ზუსტად ემთხვევა ლარის გაუფასურების ქრონიკებს:

 

შეგვიძლია უფრო გრძელვადიანი სურათიც ვნახოთ.

მაგალითად, როგორ იცვლებოდა სარეზერვო ფული და ფულის მასა მიმოქცევაში მაშინ, როცა მისი ფასი 1,65 დან 2,8 მდე იზრდებოდა:

 

საეჭვო კავშირია ხოოო…

რატომღაც ამ ორი კომპონენტის ზრდა ყოველთვის იწვევდა ლარის დევალვაციას, ანუ მის გაუფასურებას მყარ ვალუტასთან მიმართებაში.

ძნელი სათქმელია კონკრეტულად რა სარგებელს ნახულობს ამით ხელისუფლება, თუმცა ფაქტი კი ერთია: იგი არასწორად იყენებს მონეტარული პოლიტიკის მის ხელთ არსებულ ბერკეტებს, რაც როგორც ჩანს არც ისე კარგი შედეგის მომტანია ეკონომიკური სტაბილურობისათვის.

როგორც ნახეთ ქართულ პოლიტიკაში წინასაარჩევნოთ ძლიან დიდი ფული ტრიალებს. ფული, რომ არჩევნებს იგებს ჩვენნაირი დემოკრატიისა და ეკონომიკის ქცეყანაში უკვე ვიცით.

 

მაშინ რა არის გამოსავალი?…
გამოსავალი რთული და კომპლექსური უნდა იყოს.

პირველი, საქართველოს აუდიტის სამსახურმა ქვიშიდან თავი უნდა ამოიღოს და საქმეს მიხედოს. გამოარკვიოს ყველა პარტიის შემოსავლის წყაროები და მიუკერძოებელი დასკვნები დადოს.

ჩვენს ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ ფონზე ადვილია ამომრჩეველზე მანიპულირება დიდი ფულის მეშვეობით. იქ სადაც ამდენი მილიონები ტრიალებს,  თითქმის ყველა ადამიანს ეძლევა საშუალება პირადი სარგებელს გამორჩეს და წინასაარჩევნოდ ზედმეტი 20 ლარი, 5 კილო კარტოფილი თუ უბანში დაგებული გზა მიიღოს. ამ ფონზე არჩევნებს ყოველთვის მოიგებს ის ვინც მეტს დახარჯავს.

როგორ ვუშველოთ ამას?

ბრიტანეთში არის ასეთი კანონი, რომელიც უკრძალავს პარტიებს წინასაარჩევნოდ 30 მილიონ ფუნტზე მეტის დახარჯვას. ანუ მიუხედავად პარტიის რესურსისა ყველას თანაბარი პირობები აქვს სამოქმედოდ. ვერც ერთი ვერ დახარჯავს მეტ თანხას. ვფიქრობ, საუკეთესო შედეგი ექნება ამ კანონს. თუმცა, მხოლოდ და მხოლოდ, იმ შემთხვევაში, თუ გვეყოლება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი აუდიტის სამსახური, რომელიც გამოააშკარავებს და დასჯის ყველას, ვინც იმაზე მეტს დახარჯავს, ვიდრე კანონითაა ნებადართული. ამის შემდეგ, პოლიტიკოსებს მოუწევთ, შეზღუდული რესურსები პრიორიტეტების მიხედვით გაანაწილონ: სატელევიზიო რეკლამა გაუშვას, ბანერები გააკრას, 5 კილო ხახვი დაარიგოს თუ კონცერტები მართოს ყველა ქალაქში.


სტატიის ავტორი: ლუკა ჭიჭინაძე.
საიტისთვის: http://imitom.ge/

კომენტარები

-მა მომხმარებელმა გამოთქვა აზრი ამ საკითხზე

რეკლამა