რეკლამა

აბაშის მუნიციპალიტეტის კეთილარის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გულეიკარში სახალხო დღესასწაული, „გულიერობა“ აღინიშნა. დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიცია, რომელიც 1924 წლიდან ბოლშევიკური მთავრობის მიერ აკრძალული იყო. აბაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრისა და გულეიკარის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მოძღვრის, დეკანოზ კონსტანტინე კაჭარავას ორგანიზებით სოფელს კვლავ დაუბრუნდა. 
დღესასწაული გულეიკარის წმინდა გიორგის ტაძარში პარაკლისის გადახდით დაიწყო. მიუხედავად წვიმიანი ამინდისა, საზეიმო განწყობა იგრძნობოდა სოფელში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აბაშის მერი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები. კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის თანამშრომლები.
მრევლი, სტუმრები, ერთად გაემართნენ მდინარე რიონის ნაპირისაკენ, სადაც გაიმართა შეჯიბრი ცხენბურთში, ისინდსა და დოღში. ცხენოსნობის ეროვნულ სახეობებში გამარჯვებულებს მედლები და თასები გადაეცა.
დღესასწაულის ტრადიცია მე-VIII საუკუნიდან არსებობდა. როდესაც არაბ დამპყრობლებს მურვან ყრუს სარდლობით ამ სოფლისა და ტაძრის განადგურება მოუსურვებიათ, ქართველებს მხსნელად წმიდა გიორგი მოევლინათ. არაბი სარდალი იქვე გაუქვავებია, ხოლო თვითონ კი ლაშქარს მუსრს ავლებდა. დამპყრობელს წმიდანისთვის შველა უთხოვია, სანაცვლოდ – მთავარსარდლის ხმალს შესწირავდა. ასეც მოქცეულა და სოფელი უვნებლად დაუტოვებია. ხალხს წმინდა გიორგის ხატისათვის „გულოვანი“ უწოდებია, სოფლისთვის გულეიკარი, ხატობას კი „გულიერობა“.

კომენტარები

-მა მომხმარებელმა გამოთქვა აზრი ამ საკითხზე

რეკლამა